განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ.
მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, რადგან ლაშქარაშვილი ფსიქიკურად დაავადებულია ის სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს უკანასკნელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, თუმცა დაკავების შემდეგ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმდა.
”ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ გაითვალისწინა და კონსტანტინე ლაშქარაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, ცივი იარაღის ტარებაში, ასევე განაჩენს დაემატა ლაშქარაშვილის მიერ წინა დანაშაულის მოუხდელი ნაწილი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობაში მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ლაშქარაშვილი ფსიქიურად დაავადებულია და მას არ შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი ქმედება, მოსამართლემ დაუნიშნა გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობა”, - განაცხადა საქმის პროკურორმა გოჩა ქორაიამ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 ოქტომბერს, მექანიკოსს რამაზ მჭედლიშვილი 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილმა ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.
მოგვიანებით, შსს-მ რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის ბრალდებით, კონსტანტინე ლაშქარაშვილი დააკავა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს ასევე, პაატა ხოფერია, რომელიც მკვლელობის მომენტში ლაშქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შენიშვნა : ფოტოზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსია.
მასალის გამოყენების პირობები






