ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს იწყება. პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
როგორც დაკავებული დეკანოზის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, დაცვის მხარე მყარი არგუმენტებით შეეცდება მოსამართლემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.
"არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ სხდომა დაიხუროს, მით უფრო რომ იმის გათვალისწინებით, რომ მამა გიორგი პირველივე დღიდან სხდომების საჯაროობას ითხოვს, მას დასამალი არაფერი აქვს"- განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს და პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".
27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






