როგორც ჟორდანია წერს: "ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქართველი გულშემატკივრის ისტორიულ (ტრადიციულ) ამბიციას! ამ მიზეზებს ემატება ერთერთი უმთავრესი პრობლემა - ფეხბურთის სპეციალისტების დაქსაქსულობა, რომელთაც გარკვეულწილად ძალუძთ იტვირთონ ლიდერის როლი და ქართული ფეხბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანონ საკუთარი შესაძლებლობების და ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში."
მისი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის საქმიანობასაც ჟორდანია დადებითად აფასებს, შექმნილი სისტემის მძევალია.
ჟორდანია ქართულ საფეხბურთო სამყაროს თავის აზრს სთავაზობს:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელია ნდობის საკითხის დაყენება! ამით ამჟამინდელ მენეჯმენტს ლეგიტიმაციის და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობის პრეტენდენტებს ამბიციის გაცხადებისა და საკუთარ პრეტენზიებზე ამომწურავი პასუხის მიღების საშუალება მიეცემა. ასეთი წინაპირობით ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილებები უაპელაციოდ (შეუქცევადად) უნდა მიიღოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტმა!
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფიფა/უეფა–ს რეაქციას, საკითხის აღნიშნული ფორმით გადაწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ დადებითი იქნება.
მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მე აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში.
დღესდღეობით ჩემი სახელი გარკვეულწილად ორი უცხოური კლუბის წარმატებებთან არის ასოცირებული. მინდა დავარწმუნო ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოება, რომ დაუფიქრებლად გავცვლიდი ამ კლუბების დღევანდელ მიღწევებს ქართული ფეხბურთის სამომავლო წარმატებებში", - წერს მერაბ ჟორდანია.
წერილს გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ადრეც აყენებდა ფედერაციის ყრილობის მოწვევის და თავად სურდა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭიყრა. მან აღნიშნა, რომ იგი გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმება ჟორდანიას:
"ნელნელა ყველა, ვისაც დღევანდელი სიტუაცია ქართულ ფეხბურთში არ მოსწონს, ხვდება, რომ ამ გაუსაძლისის ვიტარებიდან გამოსავალი სამართლიანი არჩევნების გამართვაა ფეხბურთის ფედერაციაში. ამ საკითხს აყენებს მერაბიც და მისი აზრიც იქითკენ მიდის რომ არჩევნების თემა უნდა დადგეს," - აცხადებს ყაველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






