„იყო გარკვეულ სასულიერო პირებზე კითხვები დასმული იმ ნიშნით, რომ ეს ყოფილიყო იმის დასაბუთება რომ ამ საქმეში ჯგუფი მონაწილეობდა. იმ კითხვებზე პასუხს ვერასდროს და არასდროს არ გასცემდა მამა გიორგი. ზოგადად იყო საუბარი, რომ ბევრი ფორმა არსებობს თანამშრომლობის შემთხვევაში. პირდებოდნენ გარკვეული პირობების შეცვლას.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საპატრიარქოს იურისტის თქმით, რომც ქონოდა საგამოძიებო უწყების მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზებას ადგილი, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს:
„მარტის თვეში იყო შეხვედრა სინოდის წევრებთან , რომელზეც იმყოფებოდნენ მამა გიორგის ადვოკატები და მეუფე პეტრეც . მსგავსი ინფორმაცია და წერილი თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არაა, რადგან არ გაჟღერებულა. პროკურორის ან გამომძიებლის მხრიდან რომ ყოფილიყო მსგავსი შეთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამაში უკანონს ვერაფერს ვხედავ.“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით საგამოძიებო უწყება დეკანოზს სთხოვდა თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი და ოხანაშვილი დაესახელებინა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. მეუფე პეტრეს თქმით, მამა გიორგი მამალაძე წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ გამოძიება მას სთხოვდა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი თანამზრახველებად დაესახელებინა. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს დეკანოზმა მამალაძემ წერილი საპატრიარქოს წმინდა სინოდს გაუგზავნა, თუმცა სინოდის წევრებმა მისი წაკითხვა არ ისურვეს.
მასალის გამოყენების პირობები






