„მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო“- განაცხადა ნათია გედენიძემ.
სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოგრაფები 2011 წლის 7 ივლისს დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და "ალიას" ფოტორეპოტიორი გია აბდალაძე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსი, შოთა ხიზანიშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მას პატიმრობა ფარული მოსმენების საქმეზე აქვს შეფარდებული.
მასალის გამოყენების პირობები






