ენგურის ხიდზე როგავების ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, სამართალდამცავებმა გატაცებული პაატა როგავას და, დარეჯან როგავა დააკავეს.
ეს უკანასკნელი ამ წუთებში ზუგდიდის სამმართველოში გადაჰყავთ. ფაქტს დაკავებულის დედა აპროტესტებს, რომელიც პატრულის ავტომობილის ქვეშ დაწვა და მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
როგავების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან აქტიურობას ითხოვენ, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის გათავისუფლება მოხდეს.
შეგახსენებთ, 6 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა, ტყაიადან მამა-შვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს. მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ. გუშინ გაირკვა, რომ როგავები დრანდის ციხეში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






