გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია ამ საქმეში.
„შევედი 5 ათასი ლარის ოქროულობა გამოვიტანე და გასვენებაში გელა მამფორიას ათასი ლარი დავახარჯე გზის ფულად? რისთვის წავედი, დედა-შვილი მოვკალი იმის გულისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?“ - აცხადებს გიორგი ხაბელაშვილი.
ადვოკატის, თამაზ კვახაძის თქმით, ხაბელაშვილისგან იძულებითი აღიარებითი ჩვენება მიიღეს, თუმცა ახლა ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
„ხაბელაშვილი არ აღიარებს დანაშაულს. ხაბელაშვილმა, როდესაც მისგან აღიარებითი ჩვენება იძულებით, წამების შედეგად მიიღეს, როდესაც მას დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, უკვე აღკვეთის ღონისძიების დროს, ხაბელაშვილმა უარყო დანაშაული,“ - განაცხადა თამაზ კვახაძემ.
საქმის მასალების თანახმად, "2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ".
მასალის გამოყენების პირობები






