საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურება. ამასთანავე, ჟურნალისტებთან საუბრისას, ქარჩავამ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს კორექტულობისკენ მოუწოდა და გიორგი ფანცულაიას ცინიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია:
„ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც პროკურატურის ბრიფინგში გაჟღერდა, საპატრიარქოს პოზიცია ოფიციალურად დაიდება ვებგვერდზე ან შესაძლოა უფლებამოსილმა პირმა გაკეთოს განცხადება.
მინდა ადვოკატ გიორგი ფანცულაის მოვუწოდო, როდესაც აფასებს ამა თუ იმ გარემოებას, უმჯობესია, რომ მან კორექტულად შეაფასოს და ისე დაიცვას მამა გიორგი მამალაძის ინტერესები. ვინაიდან ქალბატონ შორენას განცხადებით არ მიუმართავს პროკურატურისთვის, ის დაინტერესებული არ ყოფილა არანაირად რომ სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. დაზარალებულის სტატუსიც პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიენიჭა. აქედან გამომდინარე, როდესაც აქცენტს აკეთებს ქალბატონ შორენაზე ან ზოგადად ეკლესიაზე, უმჯობესია, რომ ცინიკურ და არაკორექტულ გამოთქმებს დაკვირვებით მოეკიდოს“- განაცხადა იურისტმა.
ედიშერ ქარჩავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ მამალაძესთან დაპირისპირება არ ჰქონია:
„ქალბატონი შორენა აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ არანაირი პირადი დაინტერესება არ ქონია, ანუ არ ქონდა საფუძველი ეფიქრა რომ მამა გიორგი მამალაძესთან რაიმე დაპირისპირება ქონდა. თუ მამა გიორგი ამბობს, რომ მას დაპირისპირება ჰქონდა ქალბატონ შორენასთან მაშინ მან უნდა დაასაბუთოს. მე როგორც ინფორმაცია მაქვს, არ ჰქონია დაპირისპირება არც საპატრიარქოს შიგნით სასულიეორ პირებთან“- აღნიშნა ქარჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






