როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, სასამართლოს წინ შეკრებილები არიან გარდაცვლილი ბავშვის, ნიკა გაბეჩავას ოჯახის წევრები და ნათესავები. ისინი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, მდინარე ტეხურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს დაკითხვისას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა 2 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა: პირველი ჩვენების მიხედვით, გაბეჩავების მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი მდინარეში მას შემდეგ ჩააგდო, რაც მოზარდთან კონფლიქტი მოუვიდა. რამდენიმე საათში აღნიშნულმა პირმა, ჩვენება შეცვალა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ ნიკა გაბეჩავას, რომელიც მდინარესთან ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. დაკარგულის მეზობელი ამავე ჩვენებაში აცხადებს, რომ მას შეეშინდა და სახლში გამოიქცა.
8 წლის ბიჭი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაუჩინარდა. ბავშვის მამის, ერეკლე გაბეჩავას თქმით, მის შვილს გულის მანკი აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც ბავშვს ხშირად უწევდა ჯართის შეგროვება. ისინი საერთო საცხოვრებელის სარდაფში, ქირით ცხოვრობენ.

მასალის გამოყენების პირობები






