8 წლის მოზარდის, ნიკა გაბეჩავას მშობლები შვილის მკვლელობაში მათივე მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს.
როგორც ირკვევა, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. როგორც "ნიუპოსტს" მეზობლებმა განუცხადეს, გაბეჩავები საერთო საცხოვრებელში ქირით 5 თვის წინ გადმოვიდნენ. 8 წლის მოზარდი 30 წლამდე დაკავებულს ემეგობრებოდა, ისინი ხშირად ერთად აგროვებდნენ ჯართს.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დააკავეს. დაკითხვისას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა 2 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა: პირველი ჩვენების მიხედვით, გაბეჩავების მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი მდინარეში მას შემდეგ ჩააგდო, რაც მოზარდთან კონფლიქტი მოუვიდა. რამდენიმე საათში აღნიშნულმა პირმა, ჩვენება შეცვალა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ ნიკა გაბეჩავას, რომელიც მდინარესთან ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. დაკარგულის მეზობელი ამავე ჩვენებაში აცხადებს, რომ მას შეეშინდა და სახლში გამოიქცა.
8 წლის ბიჭი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაუჩინარდა. მოზარდს გულის პრობლემები აღენიშნება. ოჯახი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამიტომ არასრულწლოვანი ბოთლებსა და ჯართს ხშირად აგროვებდა.
მასალის გამოყენების პირობები






