რამიშვილის თქმით, სასურველია მეუფე პეტრეც თუ მოინახულებს დეკანოზს, გუშინ ნანა კაკაბაძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე.
„მოგეხსენებათ, რომ გუშინ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას არღვევს და ის მზად არის ჩვენება მისცეს სრულყოფილად, ჩვენ ვესაუბრეთ მამა გიორგის და ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას დიდი სურვილი აქვს, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ჩვენება და ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და მას სურვილი აქვს საქმის კურსში, დეტალურად უთხრას თუ რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ, ის მეუფეები, რომლებიც წმინდა სინოდში ბრძანდებიან, თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ქალბატონი ნანა კაკაბაძის მხრიდან, ალბათ უპრიანი იქნება მეუფე პეტრეც თუ მობრძანდება. ჩვენ დიდი იმედით ვართ განწყობილი, რომ საპატრიარქოს მხრიდან ადეკვატური ქმედება განხორციელდება, რადგანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ბრალდებულია და არა დამნაშავე, ის არის ეკლესიაში მოღვაწე მოძღვარი და მას სურვილი აქვს, რომ პირველ რიგში დეტალურად მიაწოდოს მათ.
გამოძიების ნდობა არის ერთი რამ, თუ მტკიცდება დანაშაული, შესაბამისად უნდა იმოქმედოს პროკურატურამ, თუ არ მტკიცდება დანაშაული მას კანონი ავალდებულებს, რომ საქმე შეწყვიტოს, თუ იქნება ობიექტური და რეალური მიდგომა საქმის მიმართ, ნდობა გვექნება ყველა ჩვენთაგანს, თუ ყველანაირი ის პირობა იქნება დაცული, რასაც ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსი. ჩვენ გვსურს საპატრიარქოდან გვქონდეს პასუხი რა პოზიციაზე იქნებიან.
მამა გიორგის ბრალი წაყენებული აქვს არა მხოლოდ ერთი დანაშაულის მცდელობისთვის, საქმეში არის იარაღი. როდესაც ყველასთვის ცნობილი იქნება როგორ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, მერე ნათელი გახდება ყველაფერი. ამას მამა გიორგი მოახსენებს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს. ჯერ-ჯერობით გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს, რადგან საპატრიარქოს პასუხს ელოდება - შეხვდებიან თუ არა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






