„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია 180-ე მუხლზე, რომელიც ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფური თაღლითობა 2014-2016 წლებშია ჩადენილი. თავად მაია რჩეულიშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მას პატიმრობის ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა „ბათუმის მაგნოლიის“ საქმეზე, ამიტომ ისინი ელოდებოდნენ, რომ პროკურატურა მას პატიმრობაში სხვა საქმეზე დატოვებდა:
„ამჯერად საკითხი ეხება თბილისში ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ობიექტს, ე.წ. მიონის ობიექტს ეძახდნენ, ეს ობიექტი არის თითქმის დასრულებული, მაგრამ არ არის ექსპლუატაციაში შეყვანილი, ჯგუფური თაღლითობის ბრალი აქვს წაყენებული, მაია რჩეულიშვილი კვლავ არ ცნობს თავს დამნაშავედ, მე პირადად ბრალის წარდგენას არ დავსწრებივარ, მაგრამ შემიძლია საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვა, აპრილის დასაწყისში „მაგნოლიის ეპიზოდზე“, მაია რჩეულიშვილის საქმეზე 9 თვიანი ვადა იწურებოდა, პროკურატურა ვალდებული იყო მაია რჩეულიშვილი გაეთავისუფლებინა, სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, გასაკვირი ამაში არაფერი არ იყო, ვიცოდით,რ ომ ამზადებდნენ სხვა ბრალდებას, რომელიც დაეხმარებოდათ იმაში, რომ მაია რჩეულიშვილი კვლავ დაეტოვებინათ პატიმრობაში“, - აცხადებს მარინე ცუცქირიძე.
წარდგენილი ბრალდება, ჯგუფური თაღლითობა 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






