საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის მეექვსე დაწესებულება დატოვა.
ომბუდსმენი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს შეხვდა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირმა უთხრა, რომ მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.
”ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი”- აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მისი განცხადებით, დაკავებული ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.
“დეკანოზი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება და აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს, ასევე ითხოვს არ მიეცეს ამ საკითხს რაღაცნაირად პოლიტიზირება. ასევე, ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს დაცული. ცალკე, მე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილის თქმით, "ძალიან ბევრი დეტალია ამ საქმეში".
"არის საკითხები რომელიც გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს შეეხება. სახალხო დამცველი აქტიურად ჩაერთვება, რომ დეტალურად შევისწავლოთ ეს საქმე"- თქვა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






