მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართა და ფაქტები, რომელზეც მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებდა, არ დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს გადაწყვეტილების მიღების ერთპიროვნულობაში ადანაშაულებდა, პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტი წარუდგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსახილველად გაიტანა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე და დეპუტატების ხმების უმრავლესობა მიიღო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქის მერიამ ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებამდე სრულად და ზედმიწევნით გაიარა ყველა ის ეტაპი, რომელსაც აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს.
"სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც მქონდა, გამომდინარე იქედან, რომ ე.წ. სკვერთან დაკავშირებული სატენდერო და სხვა დოკუმენტაცია კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შედგენილი. ასევე პროექტის განხორციელების ყველა ეტაპი თავიდან ბოლომდე კანონის ჩარჩოებში გახლდათ მოქცეული. აქვე დავძენ, რომ დღემდე მამოძრავებდა და სამომავლოდაც ჩემთვის მხოლოდ ერთი მიზანი არსებობს: რაც შეიძლება მეტი სასიკეთო რამ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის. ჩემი ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება ჩემი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული"- განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






