ეს იმ სოფლის მოსახლეობაზეა საუბარი, სადაც ზამთარში თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს, მუნიციპალიტეტი, კი ტექნიკით შიდა გზების გაწმენდას კვირობით ვერ ახერხებს.
ნონა ქილიფთარი მაღალმთიან სოფელ ქვაბღაში წლებია ექთანად მუშაობს. მას პაციენტთან მისვლა ხშირად 2 მეტრომდე თოვლში ფეხით უხდებოდა, რადგან ნაბეღლავში არსებულ სამედიცინო პუნქტამდე პაციენტის ჩაყვანას ვერ ახერხებდნენ.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ნონა ექთანმა ყველა სახლამდე მისასვლელი გზა იცოდა და ხშირად გაუკვალავ თოვლში, შუაღამის საათებშიც არასოდეს დაუზოგავს თავი, პაციენტის დასახმარებლად. ამ ყველაფერში კი, ის გასამრჯელოს სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მხოლოდ 80 ლარს იღებდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია სოფელში მცხოვრები მოხუცები, ერთადერთი ექთნის გამოძახების იმედადად იყვნენ დარჩენილები.
„ნონა ქილიფთარი ჩვენი სოფლის ექთანიც იყო და ექიმიც. სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან შორს მდებარეობს როგორ შეიძლება დატოვო სამედიცინო პუნქტის გარეშე? ჩვენ რომ რამე დაგვჭირდება ნაბეღლავიდან ამოვა აქ ექიმი ან ექთანი? ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება და მოვითხოთ, სოფელ ქვაბღასა და ჩხაკაურაში აღადგინონ ექთნები. დღე და ღამ დადიოდა სოფელ-სოფელ ექთანი და პაციენტებს ეხმარებოდა. ახლა რა გავაკეთოთ ვის მივმართოთ? დიდი თოვლია და გზა როგორც კი გაიხსნება მთელი სოფელი ფეხზე დადგება, ჩავალთ გამგეობაში და გავარკვევთ ვინ შეამცირა ეს ხალხი. ქალს, რომელიც მთელი დღე სოფელში დადიოდა და სანაცვლოდ 80 ლარს ღებულობდა შეამცირეს და სახლში გაუშვეს“. - განუცხადა „გურიის მოამბეს“ ადგილობრივმა მკვიდრამა, ვახტანგ ირემაძემ.
მაღალმთაინი სოფლისთვის, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამბულატორია და აფთიაქი, ამაზე ვახტანგ ირემაძის თანასოფლებიც საუბრობენ. ქვაბღელები ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. მათი თქმით, სოფელი, რომელიც მაღალმთიან ზონაში მდებარეობს, უპირატესობა არ მიანიჭეს და ერთადერთი ექთანიც კი ვერ შეუნარჩუნეს:
„ექთანი მაინც გვყავდეს, სოფელში აფთიაქიც არ გვაქვს. სამგზავრო მანქანას ვატანთ ფულს და მას მოაქვს. ეს მთელი სოფლის მოთხოვნა და გასაჭირია, რომ იყოს ამბულატორია და აფთიაქი. მთავრობამ ბიუჯეტში დანაზოგი 80 ლარიან ექთნებით გააკეთა? სირცვილი არაა მიზერულ ხელფასის სანაცვლოდ ექთნები ჩხაკაურასა და ქვაბღაში მთელი დღე ფეხით დადიოდნენ. ასე გაუჭირდა ჩოხატაურის ბიუჯეტს, რომ 80 ლარიანი ექთნები სახლში გაუშვა? საინტერესოა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ჩოხატაურის გამგეობაში და მერე ჯანდაცვის სამინისტროში“. - აცხადებენ ადგილობრივები.
ამავე პრობლემის შესახებ საუბრობს სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი, ენძელა ბარაბაძე.
„ძალიან ცუდათ ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. კარგი ექიმი გვყავს თემში, მაგრამ სანამ იმას შევატყობინებთ ამბავს, მანამდე ადგილზე უნდა გვყავდეს ვიღაც. ექთნის გარეშე ცხოვრება მთაში არ შეიძლება. ნონა, რა დროც უნდა იყოს, როგორი ამინდიც, მუდამ იქაა, სადაც პაციენტს უჭირს. ღამის სამი საათი რომ იყოს, მოვა და დაგეხმარება. არის აქ ქვაბღაში ადგილები, რომ ავადმყოფამდე ვერ ადის სასწრაფო, სოფელში ძირითადად ასაკოვანი ხალხი ვართ და ექთანის გარეშე წარმოუდგენელია. პირველადი დახმარება მოსახლეობისთვის აუცილებელია. როდესაც ავად ხარ, ექიმთან წასასვლელად კილომეტრების ფეხით გავლას ვერ შეძლებ, სასწრაფო დახმარებას კი ყოველ წუთს ხომ არ გამოიძახებ?!“. - ამბობს ბარაბაძე.
„მხოლოდ ის ვიცი, რომ იანვრის ხელფასი არ ჩაგვრიცხვია, სხვა ვერაფერს გეტყვით რა ხდება. მოსახლეობა უკეთ გეტყვის რას ვაკეთებდი მე სოფელში“-განაცხადა ნონა ქილიფთარმა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი აცხადებს, რომ ჩოხატაური ერთადერთი მუნიციპალიტეტი იყი, სადაც სოფლის ექთნები ოჯახის ექიმის პარალელურად მუშაობდნენ. ჯიბუტის თქმით, წელს მათი დაფინანსება მიზნობრივ ტრანფერში ვერ მოხვდა:
„შეიცვალა ჩვენი სამსახურის დაფინანსების წყარო, 2017 წლიდან მთლიანად გადავდივართ მიზნობრივ ტრანსფერზე, რაშიც გათვალისწინებული არ არის საფერშლო პუნქტების დაფინანსება. მიზნობრივი ტრანსფერით ფინანსდება მუნიციპალიტეტი უშუალოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის. აქ თავისთავად ვერ მოხვდება საფერშლო პუნქტები, რომლებსაც ქმნის გამგეობა. საფერშლო პუნქტები საზოგადოეებრივი ჯანდაცვის არც ერთ მუნიციპალურ სამსახურს არ ყავს მთელ საქართველოში“-აღნიშნა ჯიბუტმა.
ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ სოფლის ექთნების საკითხი მარტში გაირკვევა. გამგებელი მათ შემცირებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებიდან გამომდინარე მოხდა:
„მარტისათვის ვიქნებით ჩამოყალიბებული. შესაძლებელია, რომ მაღალმთიან სოფლებში შევინარჩუნოთ ეს ექთნები. აქ შემცირებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელსაც გადავხედავთ და მარტში გვექნება სრული ინფორმაცია. სოფლის თემებში დარჩა ოჯახის ექიმი, რომელიც ემსახურება დაგილობრივ მოსახლეობას.“ - აცხადებს კუჭავა.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






