ოზურგეთში, "რომპეტროლის" დაყაჩაღებაში ბრალდებული და დაკავებული დ. ტაკიძე, ადვოკატის მიერ მომხდარის ადგილიდან ამოღებული ვიდეო და ფოტო მასალის წარდგენის საფუძველზე, დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ზვიადაძე), უდანაშაულოდ ცნო.
27 წლის დავით ტაკიძეს, რომელიც შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში
2015 წლის აპრილის თვეში დააკავეს, სასამართლომ წარდგენილი ბრალი მოუხსნა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ბრალდებულის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ აცნობა.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ტაკიძის მონაწილეობა თავიდანვე შეთითხნილი იყო და ის პოლიციელ გურამ სალუქვაძის პატაკის საფუძველზე დააკავა, პატაკში სალუქვაძე ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი დამყაჩაღებელი სწორედ ტაკიძე იყო.
დავით ჯაფარიძე საქმის "შეთითხნასა" და უდანაშაულო ადამიანის უკანონო პატიმრობაში "ბიძაშვილებს" - პეტრე და გურამ სალუქვაძეებს ადანაშაულებდა. რომელთაგან პირველი პროკურორია, მეორე კი პოლიციელი.
ის თავიდანვე ირწმუნებოდა, რომ პოლიციას დავით ტაკიძის სახელი და გვარი პეტრე სალუქვაძემ და რეალურმა დამყაჩაღებლებმა ერთობლივად მიაწოდეს.
დაკავებულის წინასწარიპატიმრობის ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ზვიადაძე) განიხილა დაეტოვებინა თუ არა პატიმრობაში დავით ტაკიძე. ადვოკატმა მაშინ დაკავებულის 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხი დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ტაკიძისთვის ბრალის სრულად მოხსნისა და გათავისუფლების მოთხოვნით, ადვოკატმა სასამართლოს ისევ მიმართა. პროცესი დღეს გაიმართა:
დავით ტაკიძის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის დასკვნითი სიტყვა: "დაგარწმუნებთ წაყენებული ბრალდების სიმცდარეში, ამის შემდეგ კი ავღწერ დავით ტაკიძის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც. ბრალდების მხარემ სასამართლოში დაახვავა არაფრის მომცემი გამოკითხვის ოქმები და სხვა მასალები. მათგან ბრალდებასთან შემხებლობა მხოლოდ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას ჰქონდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ თავდამსხმელის მიერ შემთდვევის ადგილთან დაგდებულ ქუდზე აღმოჩენილი დავით ტაკიძის გენეტიკური პროფილი ვერ იქნებოდა მამხილებელი მტკიცებულება. სამწუხაროა, რომ მხოლოდ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დავით ტაკიძეს ჯერ ბრალი წაეყენა, ხოლო შემდეგ კი დამაპატიმრებული იქნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია ვეღარ გვექნება, რადგან ახალი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენისთანავე, ბრალდებული პატიმრობიდან ამ სასამართლომ გაათავისუფლა. მოწმეების ამირან ტაკიძის და ნატალია ტაკიძის, ექსპერტების თამარ გიორხელიძისა და ია ედიბერიძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ქუდი ბრალდებულის გარდა ასევე ეხურა მის მამას და ქუდის მეპატრონეს ამირან ტაკიძესაც და ასევე, მათ ნაცნობ რევაზ ტაკიძესაც. ჩემს კითხვებზე – შესაძლებელი იყო თუ არა ქუდზე ბიოლოგიური კვლების დატოვების თარიღის დადგენა, ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია.
ამასთან, ექსპერტმა გიორხელიძემ დისტანციური დაკითხვისას ასევე განაცხადა, რომ ვერც ის დადგინდება, საერთოდ ეხურათ თუ არა ხსენებული ქუდი იმ პირებს, რომელთა გენეტიკური პროფილებიც მასზე აღმოჩნდა. ბიოლოგიური ნიმუშები რომ აეღოთ ბრალდებულის ძმისგან ვახტანგ ტაკიძისგან, ოჯახის სხვა წევრებისგან ან ნაცნობ -მეზობლებისგან, შესაძლებელია აღნიშნულ ქუდზე მათი ბიოლოგიური კვლებიც აღმოჩენილიყო. ანუ, ყველა, ვინც ხელითა და თავით შეეხო ზემოთ ხსენებულ ქუდს, შესაძლებელი იყო მათი გენეტიკური პროფილებიც დარჩენილიყო ამირან ტაკიძის ქუდზე. ამდენად, ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება ბოლომდე გაბათილდა და პროკურორის ეჭვები გაქარწყლებული იქნა.
ცუდთან ერთად, კარგის თქმაც მჩვევია, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პროკურორ პეტრე სალუქვაძეს ამირან ტაკიძისა და რევაზ ტაკიძის მიმართ გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნის გამო. ბრალდებულის ოჯახი ამ ექსპერტიზის ხარჯებს გადაურჩა.
როგორც სჩანს, გვიან მიხვდა ბატონი პროკურორი, რომ გურამ სალუქვაძისა და მაია ოთხმეზურის პატაკებმა იგი შეცდომაში შეიყვანა. მაგრამ, არც ისე იოლი აღმოჩნდა შეცდომის აღიარება და უსაფუძვლო ბრალდებაზე უარის თქმა. დავით ტაკიძე რომ თავდამსხმელებზე უფრო ტანმაღალია, ვიდეომასალის დათვალიერების დროს სწორედ ეს მომენტი გამოეპარათ გამომძიებელს, პროკურორს და ჩემს წინამორბედ კოლეგასაც. როდესაც მე აღმოვაჩინე აღნიშნული შეუსაბამობა, ერთობლივი მოქმედების შემოთავაზების ნაცვლად, ბრალდების მხარემ ბარიერების შემნა დაიწყო, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ბრალდებულის მონაწილეობით, არც მის ბადრაგირებაზე გამიწია დახმარება, დამიბლოკა ვიდეომასალა ,,რომპეტროლში,“ ჯერ მაიძულა მე დავგარიყავი შემთხვევის ადგილზე, ხოლო შემდეგ კი ანძაზეც ამიყვანა. კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, ბატონო მოსამართლევ, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებისათვის, რითაც მომეცით საშუალება ჩამეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ვივიწყებ ძველ წყენას და აღარ ვისაუბრებ არც პროკურორზე და აღარც მის აუდგილო და უპრეცედენტო ოქმებზე. საქართველოს კონსტიტუციით თანახმად ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა და ჩვენ სულაც არ ვიყავით ვალდებულნი გაგვეწია ამდენი შრომა და ხარჯები.
დაცვის მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ, ,,რომპეტროლიდან“ ამოღებული ვიდეომასალით, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად და უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ვიდეოკადრებში ასახული ბოროტმოქმედი არის ბრალდებულ დავიტ ტაკიძეზე ბევრად დაბალი და ტანსრული. აქვე ავღნიშნავ, რომ ბრალდების მხარემ როდესაც დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არ დაუსვამს შეკითხვა სიმაღლესთან დაკავშირებით და არც ვიდეოფირზე აღბეჭდილი ყაჩაღის გარეგნული ნიშნების ბრალდებულის გარეგნულ ნიშნებთან შედარება უთხოვია ექსპერტისათვის .გამომძიებელ სიხარულიძეს მხოლოდ ის აინტერესებდა, მოჩანდა თუ არა თავდამსხმელის სახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთან შეთანხმებული გამამართლებელი მტკიცებულებების საფუძველზე გთხოვთ უდანაშაულოდ ცნოთ".
ცნობისთვის: ბენზინგასამართ "რომპეტროლის" დაყაჩაღების საქმე შსს-მ გახსნილად 2015 წლის აპრილის თვეში, მომხდარიდან მალევე გამოაცხადა.
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული დავით ტ. ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად 14 აპრილს ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურში ნიღბითა და პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 300 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






