როგორც ალაფიშვილმა თემის კომენტირებისას "ნიუპოსტს" განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებული პირი საზოგადოების მხრიდან აბსოლუტური ნდობით უნდა სარგებლობდეს.
"აქტიურ პარტიულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანის გამწესება ისეთი ტიპის კონსტიტუციურ ორგანოში როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელიც სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას კურირებს და პოლიტიკური ინტერესების გამიჯვნას გულისხმობს, რა თქმა უნდა დამაზიანებელი იქნება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ასევე დემოკრატიის ხარისხისთვის საქართველოში”- აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ, საზოგადოებამ და მათ შორის მოსამართლეებმა პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
„გასული წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური თავდასხმების ეპიცენტრში იყო. სამწუხაროდ, ვერც პოლიტიკოსებისგან, ვერც საზოგადოებისგან და ვერც თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოსამართლეების მხრიდან ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია გასული წლების ნეგატივს კიდევ უფრო გაამძაფრებს. იმ ტიპის ორგანოებისთვის, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა, საზოგადოების ნდობა უმთავრესია. თუ ამ ორგანოს არ ექნება ნდობა, არ ექნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და რეალური დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება თითოეული ჩვენგანის უფლებები, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო იცავს მოქალაქეს მათ შორის პარლამენტისა და მთავრობისგან, ან სხვა ბიუროკრატიული აპარატისგან. სამწუხაროდ განვლილი 5 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო კარგავს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს რაც დემოკრატიის ხარისხისთვის დამაზიანებელია"- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განიხილება. აღნიშნულს თავად კობახიძე ადასტურებს. მისი განცხადებით, მმართველ გუნდში ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღის ვადაში უნდა მომხდარიყო, შესაბამისად კანდიდატის წარდგენის ვადა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა უკვე დაარღვიეს.
მასალის გამოყენების პირობები






