ახალი წლის დღეებში საქართველოს მასშტაბით ქურდობისა და ძარცვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ათვლა კი მძარცველმა „სანტა კლაუსმა“ 31 დეკემბრის ზუსტად 00:00 საათზე ბათუმში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა იარაღის გამოყენებით ერთ-ერთი მაღაზიიდან 40 ათას ლარამდე თანხა წაიღო, სამართალდამცავები მას ამდრომდე ეძებენ. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ქურდობა მოხდა გუშინ გამთენიისას თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე PSP-ს აფთიაქი გაქურდეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ითვალისწინებს. დამნაშავე დაკავებული არ არის.
ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა გუშინ ბახტრიონის ქუჩაზეც, სადაც საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები






