რუსთაველზე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა და დაპირისპიდებაც ამას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირის ნაწილზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიცია და აქციის მონაწილეები. საავტომობილო მოძრაობა თავისუფლების მოედნისკენ ნაწილობრივ აღდგენილია.
ამ დროისათვის, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიმშვიდეა. მონაწილეები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. გამომსვლელების განცხადებით, ისინი აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე თავიანთი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქციის მიზანია, მოუწოდოს პარლამენტსა და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






