არ არის გამორიცხული „თეთრი ხმაურის“ აქტივისტებმა სამართალდამცავთა ქმედება აქციით გააპროტესტონ.
როგორც „ნიუპოსტს“ მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა დავით სუბელიანმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვია.
„შს სამინისტრო ცდილობს ეს შემთხვევა წარმოაჩინოს, როგორც ცალკეული შემთხვევა, თუმცა ჩვენი შეფასება არის, რომ ჩვენს წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა მიმდინარეობს. მახინჯი ნარკოპოლიტიკის შესაჩვლელად დაწყებული ბრძოლა ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებით დასრულდა. ამასთან გუშინ კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. მაშინ, როცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა იკრიბებოდა, შეხვედრაზე მომავალი ჩვენი აქტივისტი სამართალდამცავებმა კოლმეურნეობის მოედანზე გააჩერეს, პოლიციამ ისე რომ საბუთებიც კი არ მოუთხოვია, მოითხოვა ამ ადამიანის ავტომობილიდან გადმოსვლა და დაიწყეს მისი გაჩხრეკვა. ეს ხდება იმავე საღამოს, როცა ქუთაისის აეროპორტში ქეთა გაბუნია დააკავეს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა“- განუცხადა „ნიუპოსტს“ დავით სუბელიანმა.
მისი თქმით, სამართალდამცავებს ქუთაისის აეროპორტში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ უპოვიათ.
„პოლიციას ნარკოტიკული საშუალება რომ ეპოვა, ეს გასცდებოდა კონკრეტულ დანაშაულს, და დაიწყებოდა კამპანია, რომ „თეთრი ხმაური“ და კლუბის წევრები ქვეყანაში ნარკოტიკებს ეზიდებიან. რა თქმა უნდა ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამას არ ვაკეთებთ“- აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისთმა.
დავით სუბელიანის თქმით, „თეთრი ხმაური“ საქმომედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
„დღესვე გაკეთდება, როგორც სამართლებრივი ისე პოლიტიკური შეფასება. ამ განცხადებაში ჩვენ სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრებთ და ვიტყვით როგორი იქნება ჩვენი რეაქცია“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას სუბელიანმა.
„თეთრი ხმაურის“ წევრები ასევე აცხადებენ, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლოა პროცედურული გადაცდომებსაც ჰქონოდა ადგილი.
„არაადამიანური მოპყრობა სახეზეა, ეს ადამიანები 7-8 საათის განმავლობაში გაჩერებულები ჰყავდათ, ჩხრეკდნენ, ექოსკოპიაც ჩაუტარეს, რაც დაახლოებით 2400 ლარი დაჯდა. როცა ვერაფერი იპოვეს, ყველა მათგანი გვიან ღამით გამოუშვეს.
გუშინ მომხდარ ფაქტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც სწავლობს.
იურისტი გურამ იმნაძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც სამართალდამცავებმა აღნიშნულ საქმეში ჩაიდინეს.
მისი თქმით, არცერთ დაკავებულს დაკავების საფუძველი არ განემარტა.
„გუშინდელი შემთხვევები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის უფლებების შეზღუდვაზე და რეპრესიებზე ორიენტირებული და ის რეალურ ადეკვატურ მიზნებს არ ისახავს. გუშინ მომხდარი ფაქტი არის ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის ღირსებაში უხეში ჩარევა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ისე რომ ამ ადამიანებს არც კი განემარტათ რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს ამ ადამიანების სამოქალაქო აქტივიზმს,“ - აცხადებს გურამ იმნაძე.
უშუალოდ ქეთა გაბუნიას რაც შეეხება, ახალგაზრდა დარწმუნებულია, რომ მისი დაკავება აქტიურობას უკავშირდება.
„დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ვყავდით დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში შეგვამოწმეს. შემდეგ კი ტომოგრაფიაზე გადაგვიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში. ტომოგრაფიამაც შედეგი ვერ გამოიღო. ყველაფერ ამას მე ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, რადგან ვარ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტში დაკავებული “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ქეთა გაბუნია კლუბის “მტკვარზე” მფლობელია. მასთან ერთად დაკავებული იყო კლუბის 5 თანამშრომელი.
გიშინ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. ითქვა, რომ 6 ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ბრალდებით დააკავეს.
გუშინ “ნიუპოსტს“ შინაგან სამქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობდა.
უწყებას დღეს გუშინ მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. არ არის გამორიცხული, რომ „თეთრი ხმაურის“ წევრებმა ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






