22 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა არ გამორიცხავს, რომ, ნამდვილი დამნაშავე შეიძლება თავისუფალი იყოს.
,,არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არ აინტერესებს უკვე არაფერი. სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცეები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ“ , - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.
ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძე თავდაპირველად მიიმალა, თუმცა მოგვოიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






