მაშინ გარდაცვლილის და ნინო კალანდია აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მერაბ ჭედია, სახლისკენ ველოსიპედით მიმავალ გვანჯი კალანდიას დაეჯახა, უგონოდ მყოფი მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩასვა და საავადმყოფოში წაყვანის ნაცვლად, ოჯახში მიიყვანა.
ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარიდან 28 დღეში გონზემოუსვლელად გარდაიცვალა.
კალანდიები თანასოფლელი პოლიციელის დაპატიმრებას მოითხოვდნენ, რაც მაშინ არ მოხდა, პროკურატურის არგუმენტი, საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინი იყო.
დღეს გარდაცვლილის და აცხადებს, რომ სამართალდამცავს ხელს აფარებენ და საქმის დახურვა სურთ. ნინო კალანდია "სამართლის საკუთარი ხელით" აღსრულებით იმუქრება.
როგორც გარდაცვლილის და „ნიუპოსტთან“ ყვება, მათი სახლის მოსახვევში მომხდარ ავარიას, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი პაპუნა შამუგიაც შეესწრო, რომელიც მეგობართან ერთად დანაშაულის დაფარვას შეეცადა.
ნინო კალანდია აცხადებს, რომ მთავარი მოწმე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს, პროკურატურა კი საქმის დახურვას ჩქარობს.
"ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 9 თვეა გასული, მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისიდან, კერძოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნას ველოდებოდით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მკვლელი თავისუფლად დადიოდა, ჩვენ კი დაზარალებულადაც არავინ გვცნო. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩემი ძმა ავარიით მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ საქმის გამომძიებელი და პროკურორი გვეუბნებიან, რომ პოლიციელის ბრალეულობას ვერ ადგენენ, რადგან ჭედია ამტკიცებს, რომ ავარია გამოიწვია ჩემმა ძმამ, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. გვეუბნებიან, რომ სხვა მტკიცებულებების არ არსების გამო საქმე უნდა დაიხუროსო. გამომძიებლებს არ გასჩენიათ არც ერთი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აღმოუჩინა სამართალდამცავმა დაშავებულს დახმარება - რატომ არ დარეკა სასწრაფოში ან არ გადაიყვანა საავადმყოფოში. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მანქანაში ჩატენა და დედაჩემს შეუთრია სახლში. დაგვიანებულმა დახმარებამ გამოწივია ჩემი ძმის გარდაცვალება. მოგეხსენებათ ჩემ ძმას გულ-მკერდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული, ფილტვები ჰქონდა დაზიანებული, ერთი საათი დაგვიანდა, მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეაერთეს გვანჯი აპარატზე. ამას კანონების ცოდნა არ სჭირდება - რატომ არ გადაიყვანა ჩემი ძმა სამართალდამცავმა საავადმყოფაში? გამომძიებლები კი ყველანაირად გვაიგნორებენ, ყველანაირად აფარებენ ხელს ჭედიას"- უთხრა "ნიუპოსტს" ნინო კალანდიამ.
მისი თქმით, ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც დუმილს ამჯობინებენ.
"ეს ქვეყანა ჩალითაა დაფარული?! სამართალს ვერ ვპოულობ და საზოგადოებამ მაინც მინდა იცოდეს, რომ ახალგაზრდა ძმა ნასვამმა პოლიციელმა მომიკლა. მერაბ ჭედია ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას ჩემთან, თუმცა მაქსიმალურად ვიკავებ თავს... მე მას ავარიას კი არ ვედავები, იმ 20 წუთს ვერ ვპატიობ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემი ძმის გადარჩენისთვის. 37 წლის კაცი, რომელსაც თვითონ დაეჯახა სიკვდილისთვის გაიმეტა. ის ადამიანები, მოწმეები რომლებიც სდუმან, ჩემი ძმის მკვლელობის თანამონაწილეები არიან, მომდის ინფორმაცია, რომ მათ აშინებენ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა?! ჩემი პრეტენზია ეკუთვნის პროკურატურასაც, რომ ასეთ ადამიანს ხელს აფარებენ... კი ბატონო, ავარიაში ბრალეულობას ვერ ადგენ, თუმცა სამსახურეობრივი გულგრილობა ხომ არის, რომ მომაკვდავ ადამიანს დახმარება არ აღმოუჩინა? ადამიანურ მომენტს თავი რომ დავანებოთ, სამართალდამცავს პროფესიულად მაინც ხომ ევალება დაშავებულის გადარჩენისათვის ყველაფერი გააკეთოს? პროკურატურის ქმედება იმისკენ გვიბიძგებს, რომ დავუბრუნდეთ მთის კანონებს და პირადი ანგარიშსწორება დავიწყოთ, სხვანაირად ეს გული გასკდება ბოღმას ვერ დავიტევთ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გარდაცვლილის დამ.
"ნიუპოსტი" მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. პრესსამსახურის ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ საქმის დახურვის შესახებ განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






