გუშინ, თბილისის საქალაქი სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ და ახვლედიანის განცხადებები განიხილეს.
მოსამართლეები ირწმუნებიან, რომ მათ გადაწყვეტილებებში არავინ ერევა.
მოსამართლეები მამუკა ახვლედიანის განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებენ და განმარტავენ, რომ კლანური დაჯგუფება არ არსებობს და სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ეთიკის ნორმები დაარღვია.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ესწრებოდნენ.
"მიზანმიმართული ჩირქის მოცხება მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში. საქალაქო სასამართლოს მართლაც კარგი ხელმძღვანელი ყავს და მას მხარდაჭერა სჭრიდება. სასამართლო ასეთი თავისუფალი, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული არასდროს ყოფილა."-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მან მოსამართლეებს მოუწოდა შეურაცხმყოფელი გამოთქმებისთვის ჯარიმები დააწესონ.
მოსამართლე ნატო ჯოხაძის თქმით, ცილისწამებაა რომ მამუკა ახვლედიანი მხოლოდ 4-5 კაცს მიიჩნევს კომპეტენტურად. როგორც მან აღნიშნა, შეურაცხმყოფელია ჩანაწერი, სადაც სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელი კერძო ტელევიზიის ხელმძღვანელთან საუბრობს.
კოლეგების კრიტიკას თავად ახვლედიანმაც უპასუხა. მისი თქმით არჩევნების შემდეგ სასამართლოებში კლანური მმართველობის შესახებ უფრო დეტალაურად ისაუბრებს.
„ის მოსამართლე ვინც იტყვის, რომ დღეს სასამართლოში კლანური მმართველობა არ არის, მოსამართლის მანტიას არ იმსახურებს. გადავიდეს ეს არჩევნები, დაწყნარდეს სიტუაცია და მერწმუნეთ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვყვები, რა მოხდა და ვის ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი“- აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






