სამართალდამცავებმა გუშინ იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა დააკავეს. კაჭარავას ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება, თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ სცნობს. კაჭარავას ბრალს დღეს წარუდგენენ.
“ჩემი კლიენტი არ აღიარებს მოცემულ დანაშაულს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. თბილისში გადმოჰყავთ მოდულის შენობაში, ქუთაისში აღარ იქნება ეს ადამიანი იმიტომ, რომ იქ წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, სასამართლოც სავარაუდოდ იქ იქნება,“- განაცხადა ადვოკატმა თემურ მესხმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






