აბესალომ თევზაძემ "კურიერს" განუცხადა, რომ მისი შვილი გამოძიებას არ ემალება და არც დამალულა.
მეტიც, ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ საქმეში სხვა დამნაშავეები არიან. თევზაძე მათ დაკითხვას მოითხოვს.
"რატომ არ იკითხება ეს ხალხი, ვინც ყველაზე მეტი საძაგელი პიროვნებაა ამ სიტუაციაში"- აღნიშნა გოდერძი თევზაძის მამამ.
საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს კომენტარი ისინი სამტრედიის პოლიციის ხელმძღვანელების გათავისუფლებას ითხოვენ.
„სამტრედიის პოლიციის განყოფილების უფროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა. თუ ის თავისი ნებით არ დატოვებს თანამდებობას, მაშინ ის უნდა იყოს გათავისუფლებული, სანამ არ დასრულდება გამოძიება. ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, როგორ უნდა ვისაუბროთ ამ განყოფილების ნორმალურ საქმიანობაზე, როდესაც იქ ხდება ასეთი რაღაცეები,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულს, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილი სამართალდამცავი გამოძიებას მალე ჩაბარდება მანამდე კი საჯარო განცხადებას გააკეთებს.
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, პოლიციის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.
ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, თუმცა თევზაძემ მიმალვა მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები






