გორის იუსტიციის სახლში მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ამის შესახემ ინფრომაციას შიდა ქართლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შედის ძალაში. ცვლილებების მიზანია იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება, იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა საშუალება მარტივად დაირეგისტრიროს მიწა და განკარგოს ის მისი სურვილისამებრ. გამართული შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიაწოდონ ამომწურავი და კომპეტენტური ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ისარგებლებენ ამ შესაძლებელობით“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






