საქმე შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე რელიგიური ორგანიზაციებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელე ორგანიზაციის აღიარებას.
საია-ში განმარტავენ, რომ დადგენილების შესაბამისად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ განსაზღვრულ ვადაში დაუდასტურა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობა, თუმცა ამის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა ჩათვლილიყო წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება მიიღოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეში ნათლად იკვეთება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულება, რამაც შედეგად სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს უფლებების შელახვა გამოიწვია.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად, მათ შორის მოპასუხე მხარის მიერ პროცედურული ნორმების დარღვევით წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე უარი უთხრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელე ორგანიზაცია ახლა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს“.
საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს ინტერესებს ასევე იცავს საკონსტიტუციო სასამართლოშიც.
მასალის გამოყენების პირობები






