საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. სპექტაკლს, ასევე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი თეატრალები და მსახიობები ესწრებოდნენ.
ფესტივალის დამფუძნებლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის მერია და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრია.
,,ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, გავხსნა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს, მწერლის, რომლის მთელი შემოქმედება გამსჭვალულია ჰუმანიზმით, მეგობრობით, სიყვარულით და ეს დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა მის მშობლიურ მხარეში, გურიაში. ფესტივალი რეგიონების პროფესიულ თეატრთა დაახლოებასა და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს“- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
როგორც ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განაცხადა - მეამაყება, რომ ქალაქ ოზურგეთის მერია ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მთავარ დამფუძნებელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მადლობას ვუხდი ბატონ გიზო ჟორდანიას და მთლიან დასს, სპექტაკლის ყველა მონაწილეს. ოზურგეთი ღირსეულად უმასპინძლებს ფესტივალს, რომლის ჩატარებაც ტრადიციად იქცევა.“- აღნიშნა სიორიძემ.

,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის დაფუძნების იდეისა და განხორციელებისთვის ქალაქის ხელმძღვანელობას, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს და ყველა ორგანიზატორს. ‘’- განაცხადა რეჯისორმა გოგი ქავთარაძემ.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათი დღის მანძილზე გაგრძელდება. ფესტივალის მიმდინარეობისას მაყურებელი დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






