საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მუშაობა დაასრულა და საქმე დაიხურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმიდნარეობდა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების თანახმად და დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და ამის მიზეზი გარკვეული ფინანსური ვალდებულება იყო.
გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი. ზურა კიწმარიშვილის განმარტებით, ოჯახს აქვს პოზიცია რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, გამოძიების არგუმენტი კი სიმართლეს არ შეესაბამება. გარდაცვლილის ოჯახი დეტალურად ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებს:
„ოჯახის ვერსია არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა, იარაღზე არის დნმ-ს კვალი, მანქანაზე არის უცხო ადამიანების თითის ანაბეჭდების კვალი, რომ არ გაირკვა ამ საეჭვო პირის ვინაობა, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია არგუმენტი, რომელიც პირველად გავიგე, იარაღზე დნმ ალბათ არის მაშინდელი, როდესაც ის ქვეყანაში შემოიტანეს, ორი წელია პირველად მესმის ეს არგუმენტი, გამოძიებამ რაც მოიპოვა, იმაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, თუმცა იქ არის უამრავი სუსტი წერტილი, იქ არის არგუმენტები რომელზეც აგებულია ეს ერსია, არის მყიფე და ხვალ შევეცდებით ეს ყველაფერი საზოგადოებას ვაცნობოთ“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა და მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს აქტივობა გამხდარიყო:
„ვალი ჰქონდა, აღებული ჰქონდა სესხი, რომლითაც ის გარკვეულ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, რომელიც ახალი დაწყებული ჰქონდა და ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, ეს არ იყო ის არგუმენტი, პრობლემა და დილემა, რომელსაც ეროსი ვერ გადაწყვეტდა. გეგმები ჰქონდა, ბიზნესით ფაქტობრივად ერთობოდა, ეს საქმე ერთი წლის დაწყებული ჰქონდა, გახსნა რესტორნები და კაფე, სხვა მიმართულებით მას სერიოზული პოლიტიკური გეგმები ჰქონდა, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი არის მისი ეს გააქტიურება“, - დასძენს ზურა კიწმარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






