ატენში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი ადგილზე გაეცნო. გამგებელმა მიმდინარე პროექტს საუკუნის პროექტი უწოდა.
„ფაქტიურად ეს იქნება საუკუნის პროექტი. ნახევარი საუკუნეა ატენში სასმელი წყლის სისტემის პროექტი არ განხორციელებულა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ახალი სისტემის მშენებლობა უზრუნველყოფს მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებას და ამ კუთხით ატენში პრობლემა გადაჭრილი იქნება. პროექტის სრული ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების პირველი ეტაპის, 22,8 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 1 427 650 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის გამოყოფილი“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გვატყობინებენ, პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. 2017 წელს დაგეგმილია სათავე კვანძისა და 8 ერთეული წყალშემკრები რეზერვუარის მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






