საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა ლექსო მაჭავარიანის საჩივარი „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის" სსიპ-ად დარეგისტრირებაზე. რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, "გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი". სააგენტოს განცხადებით, "სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდება „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის", როგორც რელიგიის არსებობა, ასევე არ დგინდება მისი, როგორც საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობის არსებობა, ან მისი არსებობა, როგორც ისეთი რელიგიური მიმდინარეობისა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად". გარდა ამისა, საჯარო რეესტრის განცხადებით, „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის" სახელწოდებაში გამოყენებული ტერმინი „ავტოკეფალური" წარმოადგენს ეკლესიის ოფიციალურ ტერმინოლოგიას, "რომლის იურიდიული პირის სახელწოდებაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით".
მასალის გამოყენების პირობები






