საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მოსამართლეებმა ორი მუხლის დარღვევა დაადგინეს. ქართულ მხარეს კომპენსაციის სახით 12 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს. ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას არ სურს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება, მან ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს:
„სტრასბურგის სასამართლომ გადაჭრით და პირდაპირ თქვა ის, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ ვანო მერებიშვილი არის პოლიტპატიმარი, რომ მისი თავისუფლების შეზღუდვა, დაკავება მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან გაძევებას და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ეს არის მეხუთეს პირველი პარაგრაფი, შესაბამისად მეხუთეს მესამე პარაგრაფი, როდესაც მოხდა მისთვის დაუსაბუთებლად პატიმრობის გაგრძელება, ცნო დარღვევად. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი გვყავს, სულ არის ასეთი შემთხვევა სამი და მესამე არის ვანო მერაბიშვილი, პირველი იყო იულია ტიმოშენკო და მეორე იური ლუცენკო. სტრასბურგის მიერ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, არის პრაქტიკა, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოუშვა ქალბატონი, რომელიც არ იყო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ მოღვაწეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში. ველოდებით ხელისუფლების რეაგირებას, რა იქნება ამ შემთხვევაში.
თუ ისინი ქვეყნის იმიჯს დააყენებენ დარტყმის ქვეშ, მაშინ არ გამოუშვებენ და ვიქნებით ავტორიტეტული სახელმწიფო. თუ თვლიან, რომ სწორად უნდა იმოქმედონ, სწორად მოქმედება იქნებოდა მათი მხრიდან, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. მართალია თეა წულუკიანმა ორი დღის წინ მას რიგითი პატიმარი უწოდა, მაგრამ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე დიდ პალატაში აპირებს გასაჩივრებას. იგი წარმოუდგენელ, ერთმანეთისგან აცდენილ განცხადებებს აკეთებს. კარგი იქნებოდა თუ დაფიქრდებოდა, მის ბრიფინგზე ნახევარი ტყუილი იყო, ან სხვა დოკუმენტს კითხულობს, ან ვერ კითხულობს. ეს ინფორმაცია ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს“, - აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






