ქუთაისში, სამართალდამცავსა დ ახალგაზრდა მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული მამაკაცის საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოსამართლე ციცინო კიკვიძის გადაწყვეტილებით, დაკავებული მამაკაცი 100 ლარით დაჯარიმდა.
გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი 25 წლამდე ასაკის არის. როგორც სასამართლო უწყებაში განმარტავენ, დაკავებულს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს.
პოლიციელსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ინცინდენტი დღეს მოხდა.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, განყოფილებაში შეყვანილ ახალგაზრდას სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ვხედავ ასეთ სურათს: ბიჭი ზის საჭესთან, რომელსაც ვიღაც კაცი ადგას თავზე და ცდილობს გადმოიყვანოს მანქანიდან, როგორც პროვოკატორი. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ ეს კაცი, პოლიციის თანამშრომელია, ის სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა. შემდეგ მოდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და ეს ბიჭი როგორც რეციდივისტი მიჰყავთ განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში ჩვენ აღარ შეგვიშვეს, რომ მოვბრუნდი ძლიერი დარტყმის ხმა, დაახლოებით სამი-ოთხჯერ გავიგონე. ჩემმა მეგობარმა კი რომელიც თან მახლდა, დაინახა თვითონ ფაქტი, როგორ ურტყამდნენ"- აღნიშნავს ერთ-ერთი თვითმხილველი თათია ოჩიგავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის მიერ მოქალაქეს ცემის ფაქტი კატეგორიულად გამორიცხეს.
მასალის გამოყენების პირობები






