საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა. პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ვეტო დაადო, კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დღეს გადაეგზავნება.
"ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უმოკლეს ვადებში გადაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.
„ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც გამოხატავდა კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.
"ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერმინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






