სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის მსვლელობის ფარგლებშიც მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზიდან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე დარბაზიდან გააძევა.
ელისო კილაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნატა ნაზღაიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დარბაზს ამ გადაწყვეტილებაზე გაეცინა:
„იმას, რაც ამ დარბაზში ხდება, არაფერი არ აქვს საერთო არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან, სასამართლო კოლეგიაში პირდაპირი მნიშვნელობით ზის სამი შაჰიდი ქალი, რომელიც აფეთქებს საქართველოში დემოკრატიას და ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. განსაკუთრებით ერთს, ქალბატონ ნატა ნაზღაიძეს აშკარად ღალატობს ნერვები.
ეტყობა მას იმდენად მძიმე დავალება აქვს შესასრულებელი, რომ მოკლე ვადებში უნდა ამის მოსწრება, მე ძალიან ბანალური მიზეზით გამომაძევეს, გამეცინა იმაზე, რაც ნამდვილად იყო სასაცილო. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, წარმოადგინეს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათ აქვთ საქალაქო სასამართლოში პროცესი, გამომდინარე აქედან ვერ მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, გამომდინარე იქიდან, რომ ის პროცესი დაინიშნა გაცილებით უფრო ადრე.
31 მაისი ამ სხდომისთვის საერთოდ განსაზღვრული არ იყო, კოლეგიამ მოსალოდნელად გადაწყვიტა ის, რომ ეს მიზეზი საპატიო არ იყო, ამ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს იყო სასაცილო, დარბაზს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, მათ შორის მეც და ნატა ნაზღაიძემ მიიღო ჩემი პროცესიდან გამოძევების გადაწყვეტილება“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






