22 მაისს, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტები მრავლად ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას, თუმცა საზოგადოებას არ ახსოვს ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ პროცესებში იმ ადამიანების ჩართვა, რომლებიც მხოლოდ პოზიტიურ განწყობას და დადებით ემოციებს იმსახურებენ მოქალაქეებისგან. ამ შემთხვევაში სპორტსმენებზე ვსაუბრობთ, რომელთა სპორტული გამოცდილება მხოლოდ ქვეყნის სახელით წარმატებისთვის მისაღწევადაა მიზანშეწონილი და არც კიდევ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის.
საქართველოს ისტორიას სპორტსმენთა ჩართულობა კონკრეტულად პოლიტიკურ ცხოვრებაში ცოტა სხვაგვარად ახსოვს - 1989 წლის 9 აპრილს, მაშინ, როცა ქართველი რაგბისტები რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის თავისუფლებას იცავდნენ. დიახ, ეს გმირობა იყო, რომელიც არც არავის დაუვალებია და არც ვიწრო პარტიულ ინტერესებზე გადიოდა. ეს სახელმწიფოს ინტერესებისთვის ბრძოლა იყო.
რას ემსახურებოდა ქართველი სპორტსმენების კრიმინალური სახით გამოყენება პოლიტიკური ოპონენეტების წინააღმდეგ იმ რეგიონში, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ბიჭი საჯაროდ, ყველას თვალწინ მოკლეს?!
ამიტომაც გაისმა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან დღეს გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები ქართველ სპორტსმენებზე - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებსა თუ კიკქბოქსიორებზე...
,,მორაგბეები იქ არ ყოფილან. ვიღაც აბრალებს რაგბისტებს ინციდენტში მონაწილეობას“ - განაცხადა ,,ნიუპოსტთან“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი აბუსერიძემ და სხვა სპორტსმენების ინციდენტში მონაწილეობის ფაქტის კომენტირებისგან თავი შეიკავა.
კორცხელში მომხდარი ფაქტი საგულისხმოა იმითაც, რომ ეს ერთგვარ რეპეტიციას ხომ არ წარმოადგენს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ? თუ ასეა, ადვილი მისახვედრია, რა შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე, თუ ხელისუფლებამ დღეს დაშვებული მეთოდი ეროვნული მასშტაბით გამოიყენა...
სპორტსმენი და ტელეწამყვანი დათო ქაცარავა ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გმობს და ამბობს, რომ გუშინდელ ინცინდენტს გამართლება არ აქვს.
"სპორტსმენი იქნება ეს თუ საზოგადო მოღვაწე მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ცემა-ტყეპა მიუღებელია. არავინ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. იმის ნაცვლად რომ ერი ერთად დადგეს და გარეშე მტერს გაუმართოს "ცემა-ტყეპა" ვურტყამთ ერთმანეთს. გუშინდელ ინცინდენტს ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნი"- აღნიშნა ქაცარავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
როგორც ოცნება აცხადებს, მომავალ პარლამენტში მან უარი თქვა პარტიულ სიაში სპორტსმენების ჩასმაზე. როგორ გავიგოთ, ამ ფორმით აპირებს ხელისუფლება სპორტსმენების დატოვებას პოლიტიკაში?
"ივანიშვილის გარდაუვალი მარცხის, მისი შიშისა და კომლექსების ნიშანია." - ასე აფასებს ,,ნიუპოსტთან“ პოეტი დავით დეფი კორცხელის ინციდენტს. პოეტმა აღნიშნა, რომ როცა საქართველოში რუსები ღიად კლავენ მოქალაქეებს, ამას სახელმწიფო მხოლოდ „გმობს“ პოლიტიკურ ოპონენტს კი ნაგავსა და ჯალათებს ახვედრებს.
"ვულოცავ ბესო ქათამაძეს და მამუკა ლაშხიას ამ უმაგრეს გამარჯვებას! რაც შეეხება იმ სიმახინჯეს ვიტყვი ერთს - ერთუჯრედიანი კი არა უუჯრედო და დაზომბებული გონებაჩლუნგები, როგორც გაცოფებული ხროვა ისე დაესია თითო თითო ადამიანს, წაქცეულებს, როგორც ლაჩრები ისე შედგნენ. ეს ივანიშვილის გარდაუვალი მარცხის, მისი შიშისა და კომპლექსების ნიშანია. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისიდანვე განწირულია ისტორიული სირცხვილისთვის, მაგრამ როცა საქართველოში, რუსები ღიად და საქვეყნოდ შენს მოქალაქეს გიკლავენ, გიგა ოთხოზორიას და ამას სახელმწიფო მხოლოდ „გმობს“ და პოლიტიკურ ოპონენტს კი ასეთ ნაგავსა და ჯალათებს ახვედრებს, უკვე მართლაც აშკარაა - ივანიშვილი ღიად დაადგა გზას სანაგვისაკენ"- აღნიშნა დავით დეფიმ.
ძალადობრივი პარადოგმა უწოდა მწერალმა ლაშა ბუღაძემ კორცხელში პოლიტიკოსებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას
მწერალი მიიჩნევს, რომ ეს იმ ადამიანის უპატივცემულობაა, რომელიც 5 კილომეტრის მოშორებით რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს, ამ ყოველივეს ბუღაძე საქართველოს არაეთიკურობად აფასებს:
„რუსეთისგან განსხვავებით ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს და ამ არჩევანსაც დავაზიანებთ, როგორც ეს გუშინ მოხდა. სრულიად ამაზრზენი და სამარცხვინო ფაქტი სამეგრელოში, როდესაც არჩევნებზე ცემა-ტყეპვის ფქტი იყო. ხალხი, რომელსაც სპორტსმენებსაც ვერ ვუწოდებ, სპორტსმენებს ასეთ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. ეს სპორტის დისკრედიტირება იქნება, ეს ზონდერები, რომელბიც ჩავიდნენ და ურტყამდნენ პოლიტიკოსებს. რა მნიშვნელობა აქვს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს პოლიტიკოსები. რა პასუხს ვთხოვთ რუსებს, როდესაც ასეთ რაღაცას ვუკეთებთ ქართველები ერთმანეთს? ხო არანაირი ეთიკა არ არსებობს საქართველოში, ოთხი თუ ხუთი კილომეტრის მოშორებით, როდესაც დაკრძალული არ არის ჯერ ეს ადამიანი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს, როდის უნდა გამოვიდეთ ამ ძალადობრივი პარადოგმიდან? როდესაც გუშინდელი ჩაგრულები, დღეს მჩაგვრელებად იქცევიან?“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
არ შეიძლება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გაგახსენდეს ჩვენი „ჩრდილოელი მეზობლის“ ისტორიაში მომხდარი ფაქტები, ისევე როგორც იანუკოვიჩის უკრაინა და „ტიტუშკები“... ამ ტერმინის გამოყენებას, რომელიც ხომ სწორედ მოქმედი სპორტსმენის, ვადიმ ტიტუშკოს გვარს უკავშირებენ, რომელიც 2013 წელს, იანუკოვიჩის მხარდამჭერებთან ერთად, ოპოზიციის მიტინგს დაესხა თავს და ადგილობრივი ჟურნალისტები სცემა. არადა ტიტუშკოც სპორტის ძალისმიერი სპორტის - სპორტული ორთაბრძოლების წარმომადგენელია. ანუ ჩვენც იანუკოვიჩისა და რუსეთის მმართველობის სტილის დანერგვა გვინდა პოლიტიკაში, ქართველ „ტიტუშკებს“ ვქმნით? ვისი სახელი დაერქმევათ მათ -ხელისუფლების წევრი თუ მხარდამჭერი რომელი სპორტსმენის?
მასალის გამოყენების პირობები






