მომხდართან დაკავშირებით როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს საქმე აღძრულია 125-ე ცემის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება. ,,ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რამდენად შესაბამისობაშია სამართალდამცავი უწყების მიერ საქმის აღძვრა ცემის მუხლით იმ ინციდენტთან, რომელსაც კორცხელში ჰქონდა ადგილი და სადაც გარდა ოპოზიციონერ ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტს.
შესაძლოა თუ არა, რომ მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება, ამის შესახებ ,,ნიუპოსტი“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ესაუბრა, ირმა პავლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა, მისი თქმით, შესაძლოა გამოიკვეთოს რამდენიმე კომპლექსური საკითხი.
,,ჩვენ როგორც მოგეხსენებათ გავავრცელეთ განცხადება და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდეთ. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ორი პირია გადაყვანილი საავადმყოფოში და ველოდებით გამოკვლევის შედეგს, რომ განისაზღვროს მათი დაზიანებების ხარისხი. მთავარია, რომ დაიწყო დროულად გამოძიება და მოხდა მალევე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, თუმცა გადაკვალიფიცირება, გამოძიების შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა უნდა მოხდეს და სავარაუდო მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაკვალიფიცირება. აქ შეიძლება იყოს რამდენიმე კომპლექსური საკითხი და არა მხოლოდ ცემის ფაქტი, იგივე ხულიგნობა, სხეულის დაზიანება, ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ანუ რამდენიმე გარემოება შეიძლება იყოს და დანაშაულის ნიშნები ერთდროულად იკვეთებოდეს“ - განაცხადა საია-ს წევრმა.
ირმა პავლიაშვილის თქმით, საია აკვირდება ყველანაირ პროცედურას, რა რეაგირებას მოახდენენ სამართალდამცავი უწყებები.
,,როგორც იცით, ამ უბანთან ისევ არის ადამიანების მობილიზება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენი დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებიან და თუკი რამე გამოიკვეთება ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება“ - აცხადებს საიას წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები






