იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილ 5 მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება 2016 წლის 16 მაისს მედიაში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას უკავშირდება. საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეს“ მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი. მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






