ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან ბრალდებულები. მომდევნო ეტაპი განაჩენის გამოცხადებაა, ბრალდებულებს პროკურატურა 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. მათი განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებიდან არ დასტურდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან უკანონო შესყიდვების განხორციელება.
„დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას და ეს სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება აისახება გამამართლებელ განაჩენში. ვინაიდან დასკვნითმა სიტყვებმა გვაჩვენა ის, რომ ბრალდების მხარეს არავითარი პოზიცია არ აქვს. მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები უკანონოდ გახდნენ მსჯავრდებულები“, - აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას ეეჭვება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ ობიექტური განაჩენი გამოიტანოს. ალასანიას აზრით, მოსამართლე უკვე დაწერილ გადაწყვეტილებას გადაწერს. იგი მთავარი პროკურორის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლაზეც საუბრობს და ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსაც ხედავს:
„პროკურორ შოთაძის ეს განცხადება არის საგანგაშო, არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, რომ მან გადაწეროს ის საბრალდებო დასკვნა, რაც პროკურატურამ მოამზადა. ყველა დავალებას შოთაძე იღებს სწორედ ფარცხალაძის მხრიდან. ფარხალაძეს კი დავალებებს ივანიშვილი აძლევს. მურუსიძის სასამართლოა და შოთაძის პროკურატურა. ეს არის ის ორი ბერკეტი, რომელიც ივანიშვილს ხელში აქვს აღებული. სატელეფონო მართლმსაჯულება ხორციელდება დღეს საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი არასწორი, ლაჩრული მეთოდებით აგრძელებს ივანიშვილი ოპონენტების მიმართ ბრძოლას“, - განაცხადა ალასანიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






