არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კონფერენციაზე, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახმაურებულ საქმეებზე კომენტარები გააკეთა. შოთაძემ ე.წ. კაბელების საქმეზე, ფარულ მოსმენებსა და „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტის, შალვა რამიშვილის საქმეზეც ისაუბრა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, შალვა რამიშვილის განცხადების რეალობის დასადგენად, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ამ საქმის ფარგლებში, დაიკითხება ყველა პიროვნება, ვისაც შესაძლოა რამიშვილის საქმესთან რაიმე შემხებლობა ჰქონდეს:
„განცხადება გადაგზავნილია შესაბამისი რეაგირებისათვის, ჩემთვის როგორც ცნობილია, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა და სხვა შესაბამისი მოქმედებები, რათა მის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტების რეალობა დადგინდეს. ყველა გამოიკითხება, ვისი გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება ამ ფაქტის დასადგენად“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „იმედზე“ დაიხურა რამდენიმე გადაცემა, შალვა რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიამ ხელშეკრულება გაწყვიტა სპონსორ კომპანიასთან, რის შედეგადაც ათობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
მანამდე კი „იმედი“ კერძოდ კი „ილო ბეროშვილის შოუ“ მსახიობმა თათია სამხარაძემ (ტასო ბარნოვა) დატოვა, მოგვიანებით სამხარაძემ რამიშვილს სექსუალურ ზეწოლაში დასდო ბრალი და სწორედ ეს დაასახელა ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზად.
მოგვიანებით რამიშვილმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, პროკურატურამ საქმის წარმოება სამხარაძის განცხადებაზეც დაიწყო, რის შედეგადაც რამიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. ტელეწამყვანის განცხადებით, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
რამიშვილმა ასევე გამართა პრესკონფერენცია, სადაც მასსა და გიორგი ბახტაძეს შორის „ვიბერ“ მიმოწერა გაასაჯაროვა. მან ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობას ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დასდო ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები






