დრო ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს - ასე ფიქრობს ექსპრტი, ჯიპა-ს პროფესორი თოთრნიკე შარაშენიძე, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კვლევებში ასახული დინამიკა ხელისუფლებისთვის საიმედო შედეგის საფუძველი ვერ იქნება.
_ხელისუფლების რეაქცია როგოც ვნახეთ იყო - ,,არ ვენდობი“. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ 2012 წელს NDI შეცდა. რეალურად NDI არ შემცდარა. მაშინ როცა კვლევა გამოქვეყნდა, ჯერ კიდევ არი იყო ცოცხების სკანდალი. ამან გამოიწვია ის, რომ გადაუწყვეტელთა დიდი მასა გადავიდა ავტომატურად ქართული ოცნების მხარეს, ბევრი ისეთიც, რომელიც აპირებდა, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის მიეცა ხმა. მეორე არგუმენტი აქვთ, რომ ეს ,,ნაცმოძრაობის კანტორაა“. საქართველოში იოლია და სამწუხარო ტრადიციაა იარლიყების მიკერება, მე ვიცნობ იქ ძალიან ბევრ ადამიანს, ე.წ. თურმანიძის კანტორას რომ უწოდებენ და პირდაპირ გეტყვით, არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა არასდროს ნაცმოძრაობის მიმართ სიმპატიით. ასე, რომ აქ საუბარი და კივილ-წივილი იმაზე, რომ არ ვენდობით NDI-ის და IRI-ის უნდა დამთავრდეს. მაშინ ამ ადამიანებს უნდა დავუსვათ კითხვა - რომელ კვლევებს ენდობით? ,,ედინაია როსიას“ კვლევებს ხომ არ ენდობიან შემთხვევით?! ვის დაუჯერებენ, თქვან, რომელი ორგანიზაცია უნდა ჩამოვიყვანოთ? იმედია მართლა ,,ედინაია როსიას“ არ დაასახელებენ. ასე, რომ არ ვენდობით, რომ იძახიან, ეს არის ერთმანეთში შეთანხმებული მესიჯბოქსი და სხვა არაფერი.
_რაც შეეხება შედეგებს, რაც ჩვენ ვნახეთ, რისი მაჩვენებელია?
_ის რაც გამოქვეყნდა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ასე თუ ისე ვიცი ხალხის განწყობები და იმასაც ვხედავ, რომ ეს განწყობები უარესდება და უკეთესობისკენ არ იცვლება. თუ რამე ხდება ქვეყანაში, ესეც ნელი ტემპით და ამას ემატება უხვად გაცემული დაპირება, რომელიც 2012 წელს იყო, პოპულისტური და აბსოლუტურად მოკლებული რაიმე საღ აზრს. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოსახლეობა არ დაუშვებს იგივე შეცდომას არც ქართულ ოცნებასთან და არც სხვასთან მიმართებაში, იმედია ეს იქნება კარგი გაკვეთილი. მშვენივრად იცის ხელისუფლებამ რასაც აკეთებს, შიდა კვლევებს ატარებენ და თავად ხედავენ რა სიტუაციაც არის. კარგია თუ შიდა კვლევებშიც არ ატყუებენ ბიძინა ივანიშვილს და სიმართლეს ეუბნებიან.
_ჩვენ ვნახეთ ლიდერების რეიტინგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველი კიდევ ახალი ლიდერი გამოჩენის მოლოდინშია... მაგალითისთვის, პაატა ბურჭულაძის პიროვნული რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალია სხვა ჩამოთვლილ ლიდერთა შორის.
_ახალი ლიდერის და ახალი იმედის ფაქტორი ისევ ითამაშებს გარკვეულ როლს. თუმცა არა იმდენად როგორც 2012 წელს, თუნდაც იმიტომ რომ მოსახლეობამ რაღაც გაკვეთილი მიიღო, გარდა ამისა, ბურჭულაძე არ არის ივანიშვილის მასშტაბის ფიგურა, ქველმოქმედებითაც ვერ შეედრება. თუმცა მას აქვს რეიტინგი, სიმპათიებს იწვევს მოსახლეობაში, შეუძლია აკრიფოს პოლიტიკური ქულები და ზუსტად ამიტომ უნდა გადაწყვიტოს რას აპრიებს.
_სწორედ ამიტომ ვკითხულობ, მაშინ როცა არ არის ამა თუ იმ პიროვნების მხრიდან პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული, ისევ იმ ფაქტის წინაშე ხომ არ ვდგავართ, რომ ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების გარეშე ებღაუჭებიან რაღაც ახალს, ახალ იმედს. ისევ ერთ წრეზე ხომ არ ვტრიალებთ?
_ბურჭულაძის ფონდი წერს პროგრამას და მრავალი მიმართულებით მუშაობს. სხვა საქმეა როგორ სტრატეგიას აირჩევს თავად ბურჭულაძე - აქტიურად თვითონ ჩაერთვება თუ განერიდება და გვერდიდან დაეხმარება მის პარტიას. პოლიტიკურ დებატებში ალბათ გაუჭირდება და ვფიქრობ უფრო განერიდება ისე როგორც თავდაპირველად ივანიშვილი იყო 2012 წელს. ასევე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მის გუნდზე, იქ არის რამდენიმე საინტერესო ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინ წაიყვანოს კამპანია. ფაქტია, რომ საინტეერსო მოთამაშე გამოჩნდა.
_იგივე კვლევებს თუ გადავხედავთ, საერთო ჯამში ოპოზიციის მაჩვენებელი საკმაოდ სოლიდურია. ხომ არ ფირობთ, რომ გარკვეული კონფიგურაციის შემთხვევაში ხელისუფლება პრობლემის წინაშე დადგეს, ანუ დამარცხდეს და დაკარგოს უმრავლესობა?
_ეს დამოკიდებულია ერთ გარემოებაზე - ქართული ოცნება როგორ მიაღწევს არჩევნებამდე. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოხდა კიდევ რამე ბუნებრივი კატასტროფა, როგორიც იყო შარშან წყალდიდობა, რომელსაც ვერ გაართმევს თავს დღევანდელი მთავრობა, ეს დაარტყამს მის რეიტინგს. მსგავსი რაღაცეები თუ მოხდება და ოცნება თუ მივა არჩევნებამდე დემორალიზებული, მაშინ დიდი შანსია, რომ მას შემოეცალოს თავის სატელიტი პარტიები, რომელიც ივანიშვილმა ბოლო პერიოდში შექმნა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ მარტო. თუკი ამას დაემატა რუსთავი 2-ზე თავდასხმა, დარწმუნებული ვარ ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება, რადგან დარწმუნებული ვარ ისინი რუსთავი 2-ს ხელში ვერ ჩაიგდებენ მარტივი მიზეზის გამო - რუსთავი 2-ს გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას და არ შეიძლება ასეთმა დაბალრეტინგულმა ძალამ ხელში აიღოს მაღალრეიტინგული ტელევიზია.
_დიახ, იგივე რუთავი 2-თან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რამდენად არის წამსვლელი იმაზე, რომ ოღონდ ახლა ამ საარჩევნოდ რუსთავი 2 გააჩუმოს და სრულად არ დაინტეერსდეს ამას რა შედეგი მოჰყვება თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
_თუკი ხელისუფლება არის ისე განწყობილი, რომ ნებისმიერი ფასით უნდა გააჩეროს რუსთავი 2, მაშინ ხელისუფლება საერთოდ არჩევნებამდე ვერ მიატანს, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად შევა ისტორიაში, თუკი ამას ვერ ხვდება.
_ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ძალიან საეჭვო იყო დაჩქარებული წესით საქმის განხილვა და სამჯერ მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლა ამ მოკლე პერიოდში, რომელიც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს...
_ეჭვებს აჩენს, გეთანხმებით. ეჭვი, რომ როგორც სჩანს ხელისუფლებას უღირს რისკზე წავსლა ახლა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ხვდებიან რეალობას და კვლავაც ცხოვრობენ თავიანთ გამოგონილ სამყაროში... შეიძლება ერთი კაცი ცხოვრობს ამ სამყაროში ან მთელი პოლიტიკური ჯგუფი, ამის თქმა გამიჭრდება, არ ვიცი რა ხდება შიგნით. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, თუ გაგრძელდა რუსთავი 2-ზე შეტევა, ეს საბოლოო ჯამში დამთავრდება იმით, რომ საქართველო სამწუხაროდ ვერ მიატანს არჩევნებამდე და შესაძლოა მოხდეს ახალი ვარდების რევოლუციის მაგვარი და ეს ყველაფერი იქნება ამ ხელისუფლების ,,დამსახურება“. მათ არ უნდა დაივიწყონ, რომ თუ მოხდა შეტევა რუსთავი 2-ზე, ჩვენ შესაძლოა ვერ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც ალბათ დააბრალებენ გიორგი კანდელაკს, მაგრამ ამას აღარავინ ჭამს. ყველამ დაინახა რა ხდება. შარშან და შარშანწინ, როცა მათ ჯერ კიდევ რეიტინგი ჰქონდათ, თუ შედარებით იოლი იყო რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება, წელს ეს გაცილებით რთული და ცუდი შედეგის მომტანი იქნება, თუ 2 წლის წინ ,,9 წელი“ ჭრიდა, ახლა ეს აღარ ჭრის. ასე, რომ საქმე გვაქვს შემდეგ ფაქტთან - დრო მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ, მითუმეტეს თუ ხელისუფლება ვითარებას ვერ გამოასწორებს და წავა ისეთ ავანტურაზე, როგორიც არის რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება. ამ ფაქტორებზეა რეალურად დამოკიდებული, რა მოხდება - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქართული ოცნების დამარცხებას თუ ვერ შეძლებს. დღევანდელი სიტუაციიდან რასაც ვუყურებთ დინამიკას, შეიძლება ქართული ოცნება დამრცხდეს. ორი თვის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ალბათ ოცნება გაიმარჯვებს. მაგრამ იმდენი უცნაურობა ხდება, რომ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
_დროც ძალიან ცოტა ხომ არ არის? ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი საკითხებიდან გადაიწია ისეთმა საკითხმა, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა...
_ეს იმის დამსახურებაა, რომ გაჭირვებაა და ზემოთ ამოიწია ეკონომიკურმა ფაქტორმა. იმისთვის, რომ ოცნება მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე, საჭიროა რამდენიმე პირობის დაცვა მათი მხრიდან. პირველი - არ შეეხონ რუსთავი 2-ს, მეორე - პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში პოზიტიური განწყობით, მას მისცენ თავისუფლება. შესაძლოა ღიმილს კი იწვევს, მაგრამ კვირიკაშვილის ეფექტი უფრო დადებითია, ვიდრე ეს იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში. მას მეტი შანსი აქვს დაელაპარაკოს ოპოზიციასაც, გააჩინოს ხალხში კეთილგანწყობა და სულ მცირე ოცნებას მიატანინოს არჩევნებამდე ისე, რომ შესაძლოა მოიგონ კიდეც. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, დიდი შანსია, რომ არათუ ვერ მიატანონ არჩევნებამდე, არამედ ქვეყანა შევიდეს სერიოზულ კრიზისში.
_გასაგებია, რომ კვირიკაშვილი უფრო ღია აღმოჩნდა და კონსტრუქციული იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში, საარჩევნო გარემოზე მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა რამდენად შეძლებს კვირიკაშვილი ოცნების შიგნით ამის განხორციელებას. პრემიერმა ბევრი პასუხისმგებლობა აიღო უკვე თავის თავზე, მათ შორის ევროსაბჭოს ტრიბუნიდან პირობაც დადო რომ რუსთვი 2-ს პრობლემები არ შეექმნება, იგივე ოპოზიციასთან მიცემული დაპირება და ა.შ. ხომ არ აღმოჩნდება კვირიკაშვილი დარტყმის წინაშე, თუკი მმართველი ძალა არცერთ ამ პირობას არ შეასრულებს?
_დიდი შანსია ამის... თავიდან აშკარად რაღაც იმედები გაჩნდა კვირიკაშვილში, შესაძლოა თავიდან მას მიეცა მოქმედების თავისუფლება, მაგრამ შესაძლოა შემდეგ ეს რეალობა შეიცვალა. იმ ადმიანმა, რომელიც წყვეტს კვირიკაშვილის თავისუფლებას, ისევე როგორც ყველასას ამ ქვეყანაში, შეიძლება გადაწყვიტა მერე, რომ კვირიკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამდენი გასაქანი. ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში გვევლინება უფრო მართულ, ვიდრე დამოუკიდებლ ფიგურად.
_სააკაშვილის განცხადებას თუ ეთანხმებით, რომ დღე მიმდინარეობს ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის - ერთი ივანიშვილს უკავშირდება, ხოლო მეორე კი მას. ფიქრობთ, რომ დღეს ბრძოლა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიდის?
დღეს თუ გადავხედავთ პოლიტიკურ ველს, რა თქმა უნდა, ორი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა - ოცნების რეიტინგი ჯერ კიდევ ივანიშვილზეა, სხვა რაზე შეიძლება იდგეს და ნაცმოძრაობის რეიტინგიც შეიძლება ითქვას, რომ დგას სააკაშვილზე. ასე, რომ გარკვეულწილად მართალია, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში სხვა ძალებიც დიდ როლს ითამაშებენ. საპარლამენტო არჩევნებში არ იქნება მხოლოდ ეს ორი ძალა, თუმცა თავისი რეიტინგით და კაპიტალით, ვეთანხმები, რომ ეს ორი ძალა დომინანტია.
_კვლევებში ერთი რაც ყველაზე ყურადღებამისაქცევია, გამოკითხულთა 70%, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს ხომ არ არის ზედმეტად დიდი ციფრი და სახიფათო ხელისუფლებისთვის? ეს ნეგატივი პირდაპირ მოდის მმართველი ძალისკენ.
_კი, ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. ასეთი იყო დაახლოებით შევარდნაძის პერიოდში და რითი დამთავრდა, ყველას გვახსოვს.
_თუმცა შევარდნაძის მმართველობა ბევრი წელი იყო..
_ჯერ-ჯერობით რაც შველის ამ ხელისუფლებას არის ის, რომ მაშინდელი საქართველოსგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსტიტუტები, დღეს ასე თუ ისე მუშაობს, ქვეყანა არ არის ჩამონგრეული, როგორც ეს მაშინ იყო და ჯერ კიდევ ისე მოძულებული არ ყავს ხალხს ოცნება, როგორც შევარდნაძე. კიდევ ვიმეორებ, მათზეა დამოკიდებული - თუ გამოასწორებენ ამ მოკლე ხანში რამეს, აქვთ შანსი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ფაქტს, რომ ვერ ახერხებენ. გვესმის მხოლოდ ტრაბახი, რომ შექმნეს 50 ათასი სამუშაო ადგილი, რაც სისულელა და რომ თურმე კრიმინალმა მოიკლო იმასთან შედარებით, რაც იყო 2011-12 წლებში, ესეც დიდი სისულელეა. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ მათ ხალხი ჰგონია სულელი და ეს არის ძალიან სახიფათო, მითუმეტეს, როცა შენ თავად გყავს სამოსნებით დაკომპლექტებული მთავრობა და ასეთი მთავრობა საბოლოო ჯამში წააგებს და მოუგობენ არა ხუთოსნები, არამედ ოთხოსნები. ეს იქნება ლოგიკური შედეგი.
მასალის გამოყენების პირობები






