გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ სოციალურად დაუცველი 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის ახლობლები მოკვლევას ითხოვენ. ინციდენტი გურჯაანის გამგეობაში 21 აპრილს მოხდა. მარტოხელა ქალბატონი გამგეობაში, მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი თანხის გამოყოფის სათხოვნელად, გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტთან იყო მისული.კონფლიქტის შემდეგ, ქალბატონმა ინფარქტი მიიღო და იგი გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც პეტრიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალბატონს ერთჯერადი სახით გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა, თუმცა მათივე თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელი მას მხოლოდ 70 ლარს სთავაზობდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ოჯახი ჯანჯიბუხაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ინციდენტის თვითმხილველები ყვებიან, საჯარო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს და შეურაცხმყოფელ მიმართვებს, რის შემდეგაც ქალბატონი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი დღეს კახეთის გუბერნატორმა გააკეთა. ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტის მოკვლევა მოხდება და შებამისი სამსახურის წარმომადგენლის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
მასალის გამოყენების პირობები






