ზუგდიდის რაიონული სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა: "არ მჯერა რომ ლაგვილავას გარდაცვალება და აფეთქება წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია".
იგივე აზრზეა გარდაცვლილის ოჯახი. ისინი პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ლაგვილავა მოკლულია. ისინი ეჭვმიტანილად კი ონისე კვაშილავას ასახელებენ. რომელიც მოქმედი სამართალდამცავია.
ცნობილია, რომ ლაგვილავა იმ თანამდებობაზე დანიშნეს, რომელსაც მანამდე კვაშილავა იკავებდა. ოჯახი აცხადებს, რომ ამის გამო კვაშილავასა და ლაგვილავას შორის დაპირისპირებაც მოხდა. სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებამდე კვაშილავა ლაგვილავას დაემუქრა.
ლაგვილავას მეუღლისა და ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ზვიად ლაგვილავა არის მოკლული. მას სიცოცხლეში აქვს მიყენებული რამდენიმე სერიოზული ტრავმა, რის შედეგადაც ლაგვილავა გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლის მტკიცებით, კვალის დაფარვის მიზნით მოხდა შენობაში მოკლე ჩართვა და აფეთქება.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ "შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ აცნობეს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს დემუშა ბარამიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ტექნიკის წესის დაცვა, რამაც ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება და ზ. ლაგვილავას გარდაცვალება გამოიწვია".
აღნიშნულის საფუძველზე, პროკურატურის მიერ, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტ დემუშა ბარამიას წარედგინა ბრალდება შრომის დაცვის წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ვადით.
დაკავებული ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზვიად ლაგვილავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, დაკავებულ დემუშა ბარამიას გარდაცვალების ფაქტთან კავშირი არა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






