დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე ამავე სამსახურის ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი დემურ (დემუშა) ბარამია დააკავეს.
ლაგვილავას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან რომ მაღალჩინოსანი მოკლულია. ეჭვმიტანილად კი ონისე კვაშილავას ასახელებენ. რომელიც მოქმედი სამართალდამცავია.
ცნობილია, რომ ლაგვილავა იმ თანამდებობაზე დანიშნეს, რომელსაც მანამდე კვაშილავა იკავებდა. ოჯახი აცხადებს, რომ ამის გამო კვაშილავასა და ლაგვილავას შორის დაპირისპირებაც მოხდა. სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებამდე კვაშილავა ლაგვილავას დაემუქრა. ლაგვილავას მეუღლე ცირა მალანია ამბობს, რომ კვაშილავა ამ დრომდე დაკითხული არ არის.
„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დემურ (დემურშა) ბარამიასთვის მანამდე გავრცელებული ინფორმაცია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი ჩაანაცვლა. ბარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო მსჯელობას ხვალ 12:00 საათზე დაიწყებს, საქმის მოსამართლე დავით გელაშვილი იქნება.
ოჯახი პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ლაგვილავა მოკლულია.
ლაგვილავას მეუღლისა და ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ზვიად ლაგვილავა არის მოკლული. მას სიცოცხლეში აქვს მიყენებული რამდენიმე სერიოზული ტრავმა, რის შედეგადაც ლაგვილავა გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლის მტკიცებით, კვალის დაფარვის მიზნით მოხდა შენობაში მოკლე ჩართვა და აფეთქება.
„თუ დღევანდელი ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების დარღვევაში იმას გულისხმობს, რომ ამ სცენარის განხორციელების საშუალება მისცა დემურშა ბარამიამ, მაშინ მას გირაო არ უნდა შეეფარდოს, ის მკვლელობის მონაწილეა, თუ არადა საერთოდ არ მომხდარა მისი ტიტანის აფეთქების შედეგად გარდაცვალება“, - აცხადებენ „ნიუპოსტთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამაიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






