ახალგაზრდა აცხადებს, რომ უშიშროების სამსახურის დავალებით, მამამისი საჯარო სამსახურის ხელმძღვანელმა კაბინეტში დაიბარა და ურჩია შვილი გაეჩერებინა.
"მამა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობს. დირექტორმა დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა. შეხვედრაზე ხელმძღვანელმა უშიშროების სამსახურის დანაბარები გადასცა, რომ უნდა გავჩერებულიყავი და შემეწყვიტა ოდეერების წინააღმდეგ ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაჩემს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის დანაბარები"- განუცხადა "ნიუპოსტს" ქარჩილაძემ.
სტუდენტი ამბობს, რომ მისი ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება:
“ ჩემი ინფორმაციით, 15 სტუდენტამდე განხორციელდა მსგავსი სახის ზეწოლა, თუმცა ისინი ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. რადგან მათ მშობლებს ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგიერთს დაჭერითაც დაემუქრნენ. მხოლოდ სამმა სტუდენტმა დავიწყეთ ღიად ამ საკითხებზე საუბარი. მუქარა ძირითადად სუსი-დან მოდის. ისინი შუამავლების საშუალებით ეკონტაქტებიან ჩვენს ოჯახებს"- აღნიშნა სტუდენტმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს აუდიტორია #115-ის წევრებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლის ფაქტს.
როგორც "სუს-ის" პრესსამსახურმა "ნიუპოსტს" განუცხადა, თუ სტუდენტებს აქვსთ კონკრეტული ფაქტები მიმართონ სამართალდამცავებს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტები მიმართონ საგამოძიებო უწყებებს"- აცხადებენ სუს-ში.
ცნობილია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზად არის აღნიშნული განცხადებები შესწავლოს.
მასალის გამოყენების პირობები






