"პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს. თუნდაც "ზუგდიდის" მაგალითი ავიღოთ, რომელიც "ზესტაფონთან" თავს იკლავს, "დინამოს" და "ტორპედოს" შეაკვდება და გორის "დილასთან" დიდი ანგარიშით აგებს. თუ ფეხბურთის ფედერაციამ ეს არ ან ვერ აღკვეთა და თუ ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ჩემპიონატს ატარებს, სამართლიანი თამაშის პრინციპები ვერ დაიცვა, "დინამო" რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს.
ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი "დილა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ისევე, როგორც ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე "ზუგდიდი", "სიონი" და სხვა გუნდები. სასურველია, მათ კერძო ინვესტორი ჰყავდეთ, მაგრამ თუ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თანაბარ პირობებში იყვნენ. სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა ეძლეოდეს ერთ გუნდს 3 მილიონი, მეორეს კი მხოლოდ 600 ათასი. ასეთი დისბალანსი არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. მაშინ ყველა 3 მილიონით დაფინანსდეს და ამით ჩემპიონატის დონეც ამაღლდება და გარიგებულ მატჩებზე საუბარიც ნაკლებად მოგვიწევს," - აცხადებს "დინამოს პრეზიდენტი.
ფიფია ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ტოტალიზატორებმა თავისი პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს "დილას" თამაშები.
რომან ფიფიას ბრალდებას გამოეხმაურენ დასახელებული კლუბების წარმომადგენლები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
გორის "დილას" ოფიციალურ განცხადებში ნათქვამია, რომ: ისინი აღშფოთებული არიან "ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტებით და ფიქრობენ, რომ ეს რომან ფიფიას პირადი აზრი არ არის.
"იმ დიდ სიბინძურეს, რომელსაც ფიფია აღნიშნავს, პირადად რომან ფიფიასთან ერთად მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ვებრძოლოთ სიბინძურეს სხვა გუნდებთან ერთად," - ნათქვამია "დილას" განცხადებაში და აქვე მოყვანილია ის ფაქტი, რომ ტოტალიზატორებმა "დინამო" - "გურიას" მატჩიც ამოიღეს პროგრამიდან.
"ზუგდიდის" პრეზიდენტი რომან ჭეჟია ფიფიას ტელედებატებში იწვევს და მოუწოდებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს:
"მე, მალხაზ ჭეჟია, ს.კ. "ზუგდიდის" დირექტორი, კატეგორიულად მოვითხოვ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან, ხსენებულ ბრალდებას ჩვენი კლუბის მიმართ მისცეს ოფიციალური სახე ან ბოდიში მოუხადოს ს.კ. "ზუგდიდს" ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ს.კ. "ზუგდიდი" თავად მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს," - აცხადებს იგი.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ფედერაციამ ამ საკითხის გარკვევის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა: "ყველას მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ გვაქვს ამის ეჭვი, გთხოვთ, გამოიძიოთ და გვაცნობოთ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






