კომბინატის დასახლებაში ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გაიგუდა.
თუმცა, გუშინ შინაგან საქმეთა სამინტრომ დანაშაულისთვის 19 წლის გოგონა დააკავა.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, გვამის ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ ჯარისკაცს დამაძინებელი მედიკამენტები მიაღებინეს, შემდეგ კი მის ოთახში ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
,,თავიდან ჭორის დონეზე გავრცელდა, რომ ამ გოგომ წამლები დაალევინა გაქურდვის მიზნითო. მაგრამ როგორც შემდეგ სამართალდამცავებისთვის უთქვამს, ჩემზე ძალადობდა და იძულებული ვიყავი გამეგუდაო... ჯერ გაზი გაუშვია, იმიტაცია შექმნა, ვითომ გაზის გაჟონვით იყო გარდაცვლილი. მაგრამ, რომ არაფერი გამოუვიდა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სახლიდან კვამლის გამოსვლის შემდეგ მეზობლებმა სახანძროც მალევე გამოიძახეს"- განუცხადა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეზობელმა ფიქრია მარუაშვილმა.
ქალბატონი ჯარისკაცს დადებითად ახასიათებს, მისი თქმით რომან ბედიანაშვილი დედასთან და 5 შვილთან ერთად სოფელ ფხვენისში ცხოვრობდა.
„სამსახურიდან გამომდინარე კომბინატის დასახლებაში ხშირად რჩებოდა. მეუღლეს დაშორებული იყო“- ამბობენ მეზობლები.
„ნიუპოსტი“ სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულის დედას ნინო ბაშარულსაც ესაუბრა.
ბაშარული ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"ჩემთან არ ჰქონდა კონტაქტი, არც კი მოვუკითხივარ ნორმალურად. რაღაცნაირად, თავისებური ბავშვია, მაგრამ ეს ნაბიჯი რატომ გადადგა ნამდვილად არ ვიცი. მე რწმუნებულმა მითხრა, თქვენმა შვილმა ჩაიდინა მკვლელობაო და თვითონ ჩაბარდა პოლიციასო. რა მოხდა, როგორ მოხდა, მე არაფერი არ ვიცი. არ ვიცი ვინ იყო ის პიროვნება საერთოდ.
ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მკვლელობა რამ გაარისკინა არ ვიცი. საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვია, ადრე შხამი დალია, წავიყვანეთ თბილისში, გადასხმები გავუკეთეთ, რომ გამოკეთდა გაგვეპარა ისევ"-აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის დედა ნინო ბაშარული,,ნიუპოსტთან" საუბრისას.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






