რომელი ქვეყნიდან აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერები, ამ ინფორმაციის მიღებას მთავარი პროკურატურა უცხოელი კოლეგებისგან ელოდება. მთავარი პროკურორის განცხადებით, ისინი ამის დასადგენად აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.
ირაკლი შოთაძემ აღნიშნულის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს, შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფაილების გავრცელება უცხოეთში მდებარე სერვერების მეშვეობით მოხდა, რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგა სამართალდამცავ ორგანოებს და მათი დახმარების დიდი იმედი გვაქვს. ეს ყველაფერი ატვირთულია “Facebook”-ზე, “google”-ზე, შესაბამისად სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში, მათგან უკვე მივიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას რომელი ქვეყნიდან მოხდა ამ ყოველივეს ატვირთვა“, - განაცხადა შოთაძემ მედიასთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






