მურუსიძემ ახვლედიანს არაეფექტური მენეჯერი უწოდა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანს არ ედავება როგორც მოსამართლეს.
"ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში. იუსტიციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ის მენეჯმენტი, რომელიც საქალაქო სასამართლოში ხორციელდება არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად მოხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მაგრამ მას, როგორც მოსამართლეს არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ამის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მოსამართლეობის ტესტებასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტესტებზე და კაზუსებზე წვდომა ჰქონდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს.
აღნიშნულ ბრალდებას ლევან მურუსიძემ სიცრუე უწოდა.
„დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ტესტების სავარაუდო გამჟღავნების ფაქტს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






